SMS, რომლის გამოც 22 წლის ახალგაზრდამ თავის დახრჩობა სცადა

მოდი თავიდანვე გავარკვიოთ. მე ისევ ბაყაყი ვარ. შენ კი _ ბაჭია. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი მიუღებელი (გაუგზავნელი) შეტყობინებაა. მკვლელობის იარაღი 5 წვეთი მარილის წყალხსნარი_ ცრემლია. 22 წლის ახალგაზრდაც მე ვარ, ცხადია.

შუაღამეს დიდი ხანია გადაცდა. მე კიდევ ვფიქრობ რატომ არ მომწერა არც ერთი სიტყვა ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა. ვფიქრობ და ის ბურთიც იზრდება. წერას ვიწყებ და მკვლელობის იარაღი წვეთ-წვეთად მეცლება ხელიდან (თვალიდან). ასე მარტივად გადავურჩი დახრჩობას.

შენ ჩემსავით ზეგულწრფელი ანუ თითქმის სულელი თუ არ ხარ ის ბურთი კიდევ დიდხანს გექნება ყელში. შენ ან იმას, ვინც შენგან ელოდება ერთ სიტყვას. ხოდა მთლიანად თუ ვერა ყველაზე მგრძნობიარე და ნაზ შენ_ს მაინც დაახრჩობს.

არადა, სულ ადვილია დაწერო. სულერთია ვის მიწერ. ისიც სულერთია რას წერ. თუნდაც სრულყოფილი მამაპაპური გინება იყოს. მთავარია არ დაახრჩო შენი მე_ს საუკეთესო მხარე.

ყველაზე მაგარი შეგრძნება იცი რომელია? შენი სიტყვით რომ დაშლი იმ აუტანელ ბურთს, სულ უცხოს რომ ახრჩობს. ან იქნებ არც ახრჩობს. იქნებ არც არსებობს მის ყელში არანაირი ბურთი და შენი სენტიმენტალური სიტყვებით მხოლოდ მაგარ გადახარხარებას გამოიწვევ. ესეც არაა ცუდი. თუმცა არც მთლად საამაყოა.

როცა საქმე სიცოცხლეს ეხება დამცირებასთან დაკავშირებული რისკები ნაკლებად მნიშვნელოვანია. შენს სიტყვას ურთიერთობების, დადებითი დამოკიდებულების, სითბოს და სინაზის გადარჩენა შეუძლია ადამიანებში და , რა საკვირველია, გარისკვა ღირს.

ახლა პირდაპირ გეტყვი რა შეიძლება გააკეთო რომ თავი ყველაზე განსხვავებულ, მზრუნველ, მოსიყვარულე და გამბედავ ადამიანად იგრძნო (ზოგჯერ ყველაზე სულელადაც მაგრამ, როგორც შევთანხმდით,  ეს მართლზომიერი რისკია):

  1. თუ ავტობუსში წყვილს ხედავ, რომლებიც მშვენივრად არიან ერთად, პატარა ფურცელზე დაწერე რამე სასიამოვნო და ჩასვლისას მიაწოდე რომელიმეს (ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეშფოთებული სახით მიმალავენ ხელებს, ძალით რომ არ მიაჩეჩო რაღაც... უკეთეს შემთხვევაში გაიღიმებს ერთი და მეორეს წააკითხებს. ავტობუსიდან ხელის გულს გაჩვენებენ და გაგიღიმებენ).
  2. თუ სასიამოვნო   გარეგნობის მამაკაცს წარბებდახატული, ცხვირაპრეხილი ცოლი მიჰყვება გვერდით აუცილებლად უნდა შეატყობინო რომ მშვენიერი წყვილია. ასეთ კაცს წახალისება ნამდვილად სჭირდება. ამ დროს მხოლოდ ფრთხილი გაღიმებით შეგიძლია გამოხატო დადებითი ემოციები. (დიდი ალბათობით ქალბატონი საშინლად ეჭვიანია და წერილის გადაცემა დაცინვაზე უფრო მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს).
  3. ზემოთმოცემულ ორ შემთხვევაში ისეთი დიდი არაა შენი წვლილი როგორც ახლა, როცა მშვენიერ გოგონას ყოვლად უიღბლო და ულამაზო ქმარი ჰყავს. ასეთი ნაცნობი ან მეზობელი ყველას გვყავს. მიუხედავად ქმრის ზრუნვისა გოგონა გრძნობს რომ უკეთესსაც შეეხლო გაჰყოლოდა ცოლად. ბევრი პირდაპირაც ეუბნება. ამ დროს შეგიძლია უთხრა, როგორ ამაყობს მისი ქმარი რომ ასეთი ლამაზი ცოლი ჰყავს, იქვე მიაყოლე რომ მის ქმარს ულამაზესი თვალის ჭრილი აქვს (უნივერსალური კომპლიმენტია) და მშვენივრად წვავს კარტოფილს. 
  4. ხშირად გაუღიმე უცნობებსაც. უმეტესობას საფიქრალს გაუჩენ_ნეტავ საიდან ვიცნობო. მაფრამ რამდენიმე თავადაც გაგიღიმებს. ყველაფერი კარგი ღიმილით იწყება და თუნდაც გიჟად მიგიჩნიოს ვინმემ. გაიღიმებ და მორჩა :) .
  5. არ უნდა დაგავიწყდეს ისინი ვისთვისაც ძვირფასი ხარ და ვინც შენთვისაა ძვირფასი. სულ მარტივად, პირდაპირ უთხარი რომ გახსოვს. 
მეტს აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ სცადე. ერთ-ერთ რეკლამაშია მსგავსი იდეა, არ იფიქრო იქედან ავიღე. თუ ოდესმე 88 ნომრით გიმგზავრია თბილისში შესაძლოა ბარათიც მიგეღო ჩემგან. გაღიმება მაინც😊.

Comments

Post a Comment

Popular Posts