3 287 მონატრება

ახლა ვფიქრობდი, რა რთულია ყველაფერი როცა არ იცი რა გინდა. ან როცა ძალიან გინდა რაღაც, დიდი ხნის შემდეგ გისრულდება სურვილი და უკვე იმდენადაა შეცვლილი ყველაფერი რომ შენს ნატვრას აღარც ჰგავს რეალობა, იმის გარკვევაც კი გიჭირს საბოლოოდ ასრულდა თუ არა.

აი, ძალიან რომ გენატრება ვიღაც, გინდა ნახო. თვეები, წლები გადის ლოდინში. ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც, პაემანზეც კი აქეთ-იქით იყურები, იქნებ თვალი მოჰკრა სადმე.

უკვე 9 წელი გავიდა. შენ ჩვევად გექცა საუბრისას გარემო ათვალიერო. მოლოდინიც თავისებურად ეტყობა სახეს ამ დროს. ეს ბევრს არ მოსწონს.

ამდენი წლის შემდეგ აღარ ხარ მეხუთე კლასელი პატარა გოგო. უკვე ქმარიც გყავს და დიდი (წლის და სამი თვის) ბიჭიც. საახალწლოდ კიდევ გამოგიცხადებენ რომ სახლშია და გელოდებათ.

ზუსტად ისეთივე გრძნობა მქონდა მეც, როგორიც შენ _ თითქმის არანაირი. არც იმედგაცრუება, არც სიხარული. ვითომ გახუნდა ის შენი ნატვრა?

ასე არ ხდება. თუ რაღაც ძალიან გინდა ან ოდესღაც გინდოდა და საბოლოოდ აგისრულდება, შეუძლებელია უცხო, მომწარო-მოტკბო გემო არ იგრძნო.

როცა უკვე ნახავ, გადაკოცნი, შეიძლება მაგრადაც გადაეხვიო და მორჩა. ერთ სიტყვასაც კი არ ეტყვი იმ ათასი დიალოგიდან, ფიქრებში რომ გქონდათ.

თუმცა არ გრძნობ აშკარა და განუსაზღვრელ სიხარულს, გულში ისეთი კმაყოფილება და იმდენი ემოცია გაქვს... ვეღარც იტევ.  იმ შენს მონატრებულს, მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის კაცია უკვე ძილის წინ საფეთქელთან აკოცებ, როგორც შენს 7 წლის ძმისშვილს  და ძილინებისას უსურვებ.

სულ ეს იყო, იმ ერთ სიტყვაში და ერთ უპასუხო კოცნაში ატევ ყველა სიტყვას რის თქმასაც აპირებდი, რასაც ამდენი წლის მანძილზე გეგმავდი.

ყველას უგვრძნია როგორ დააგვიანა მისმა ოცნებამ ასრულება. როგორ გაახუნა და დააკარგვინა ხიბლი დრომ. მაგრამ თუ საქმე შენს ძმას (მხოლოდ არა სისხლით) ეხება და ის 17 წლის შემდეგაც ისევე გიყურებს, როგორც 17 წლის წინ, უსიტყვო 9 წელი აღარაფერს ნიშნავს. ხვდები რომ არსებობს რაღაც, რასაც დრო ვერაფერს აკლებს. ეს რაღაც სიყვარულია, მეგობრული სიყვარული. თორემ სხვა სიყვარულს ყოველთვის საკვები სჭირდება რომ იცოცხლოს.

აბა, ახლა რაღა საჭიროა დანომრილი რჩევები? თუ იცი რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად შვილივით, ძმასავით, ძმაკაცივით ეყვარები ე.ი. ბედნიერი ხარ და 9 წელი გავა, 19 თუ 30, აუცილებლად უნდა დაბრუნდე მათთან. 

Comments

Post a Comment

Popular Posts