ხანდახან, როცა ,,გაბანძება'' არ გიტყდება



 გაგეცინება. უხარხულად... ან გაიფიქრებ რა იდიოტიაო, ამ შემთხვევაში მე გამეცინება. უხერხულად რა.

მოკლედ საავადმყოფოდან მოვდივარ. მშვენიერი განწყობით (კარგადაა ყველაფერი) და მეტროში ისევ ის ბიჭი მღერის. მეფის ხმაც გადაფარა თუმცა მაინც მესმის რომ ვენდობი დროს. ის კიდევ გაიძახის ,,ვერა და ვერ დაგანახე ეს ოხერი სიკეთე ‘’. რა სიკეთე უნდოდა დამენახა. თავად აშკარად უჭირს ყველაფრის დანახვა. თანაც სიმღერაც აღარ გამოსდის. ხურდასაც არავინ ყრის. ერთი-ორჯერ და ესეც მაშინ როცა ჩუმად იყო. აღარ გავდა მისი სიმღერა არაფერს. აღარც ხმა ამოსდიოდა პირიდან და ტექსტიც ერეოდა. მელოდიაც სრულიად გაურკვეველი.

მოკლედ მინდოდა მეთხოვა შეესვენა. შევისვენებ 4 წუთითო თავად მითხრა. ეგონა ვაგონიდან მისი სიმღერის მოსასმენად გამოვბრუნდი. კარგი მეთქი. ვერ გავიგე სად იყურებოდა. ხელიც ისე მომკიდა მაჯაზე. უსიამოვნოდ და... და მე ცუდად ვმღერი მაგრამ მას ნამდვილად ვაჯობებდი. ან ჩემი ხმა და მისი ხავილი ერთმანეთს სამართლიანად მოუხდებოდა. და ერთად ვიმღერეთ. 

არ ვიცი რას აკეთებდა ის მთვრალი კაცის აჩრდილი და ცოტა ავურიე ტექსტი. გამიცინა მაგრამ აშკარა იყო უნდა გავჩუმებულიყავი. თან ხურდასაც არავინ ყრიდა. უხერხულობა მოვუხსენი ჩვენს დუეტს და 70 თეთრი ჩავყარე საოჯახო ნაყინის ყვითელ კოლოფში,შეიძლება 80 იყო. 2 ლარიანი ვერ გავიმეტე.

შედეგი? სხვისთვის ვერ გეტყვი. იმ ბიჭისთვის 2 გაღიმება და + 70 თეთრი. ჩემთვის დაბრუნებული კარგი განწყობა და - 70 თეთრი. ან 80.

როცა მეტროდან ამოვდიოდი გიტარას უკრევდა ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი. მეორე, უფრო სიმპათიური მღეროდა, მესამე კიდევ ყველაზე საყვარელი და სიმპათიური წინ გადამიდგა ბენდენით ხელში, ხურდას მთხოვდა თავისი შავი თვალებით და ღიმილით. უუფ როგორი სიმპათიურები იყვნენ. ხურდა აღარ მქონდა. 70 თეთრი ხო დამიჯდა დუეტი მეტროს ბიჭთან. ძალიან სიმპათიურები იყვნენ.

გავიფიქრე, აი როგორი დამხმარე სჭირდებოდა იმ ბიჭს... მეც ლამაზი წარბები და შავი თვალები მაქვს. ე.ი. ღიმილიღა მაკლდა. როგორ დამავიწყდა. ღიმილი როგორ დამავიწყდა. ისეთი კიარა, უხერხული. ნამდვილი, ფართო და თბილი გაღიმება. ყოვლისშემძლე ღიმილი დამავიწყდა. 

დამანახა თუ არა სიკეთე?დამანახა. მე ვერ დავანახე. თუმცა ,,გულწრფელი გაღიმება მთქნარებაზე გადამდები'' იყო მაშინაც და უხერხული ღიმილი მალევე შეცვალა გულწრფელმა და ყოვლისშემძლემ.

Comments

Popular Posts