ოჯახი

გამიჭირდება ბლოგპოსტის ფორმატში ჩავატიო რას ვფიქრობ ახლა. არც ვაპირებ ბევრ ლაპარაკს...

კოლაჟი, რომელსაც გაჩვენებ ბევრად მეტს გეტყვის. თუ დააკვირდები ამოიცნობ ადამიანებს ნათელი წარსულით და მშვიდი მომავლით, ისეთებსაც ნახავ, მათი მომავალი სქელ იისფერ ნისლს რომ დაუბურავს, და მიუხედავად იმისა, ვიცი ეს ნისლი არასდროს გაიფანტება მომავალი აქვთ. ლამაზები და ძალიან ლამაზებიც გვყავს, ნიჭიერებიც, და ზოგიერთზე გენიოსიც ითქმის (თქმულა მაინც :)) 

ცხოვრების ყველა უხეში ხუმრობის კვალს იპოვი აქ, ზოგს რომ მარჯვენა წაართვა, ზოგს შვილი და ზოგი კიდევ ისე გაიმეტა დაბადება სიკვდილს მოაყოლა. 

აქ გამარჯვებულებიც არიან, სიკვდილზე ათასჯერ გამარჯვებულები, ზოგს ცეცხლით ებრძოდა, ზოგს ომით, ზოგსაც ავადმყოფობით, მაგრამ გამარჯვებულები ამაყად დგამენ ახლა დაფლეთილ ფეხს, უკვე გაზრდილები თავად გარბიან ომში ძმებისთვის, გულ-მკერდმოგლეჯილებიც თბილი ღიმილით დადიან ისევ. 

და ყველა გამარჯვებულია აქ. შვილმკვდარი მამა, ცრემლი რომ არასდროს უშრება, უღიმის სხვის და სხვა შვილებს, ჩვილმკვდარი დედაც ფართო ღიმილით ეგებება ყველა პატარას_ თავის შვილს, სხვის შვილს, ყველას თავისას. ის კიდევ დურგლობს უმარჯვენოდ. 

ზოგს კიდევ სტკივა და ტკივილის ტირილი მაინც ღიმილად ეხატება სახეზე, შეუძლებელია სხვაგვარად. აქ ყველას სტკივა და ყველა იღიმის. ოჯახია და იმიტომ. დიდი ოჯახი. ერთი სისხლი, ერთი გვარი და ათასი ისტორია, ათასი კვალი ცხოვრების.

ყველაზე მარტოსულიც კი არ არის მარტო.

განსაკუთრებული რა აქვს ამ ოჯახს? ჭრელია. მრავალფეროვანია და უზარმაზარი. ნახევარი საუკუნის წინ 7 ბავშვი იყო. ცოტა მეტის წინ მხოლოდ 3 ძმა. დღეს კიდევ რთულია დათვალო...

ყველაზე ძვირფასი რაც ამ ოჯახს განსაკუთრებულს ხდის მისი გულია. გული იმიტომ რომ მთელი ეს ოჯახი მისი უდიდესი სიყვარულია, უკლებლივ ყველა. და ყველას სიყვარული კიდევ თავადაა, თბილი, ბრჭყვიალა თვალებით, რაღაცნაირი ღიმილით, ის ყოველთვის ასეთი იქნება. მისი მიზანი, მთავარი სიყვარული, მთავარი საზრუნავი და სიამაყე არ მისცემს საშუალებას გაუარესდეს. სხვაგვარად 2-ნი იქნებიან და დიდი ოჯახის საკმაოდ დიდი ნაწილი, შედარებით პატარა ოჯახი დაკარგავდა ხიბლს და იშვიათობას.
ოჯახი რომელზეც გიყვები უზარმაზარია და სავსეა დიდი ოჯახებით, შედარებით პატარა ოჯახებით, სადაც დაითვლება ოცამდე წევრი, და სულ ერთი ციდა ოჯახებით ... 

მთავარი, რის თქმასაც ვცდილობ ისაა, რომ მიუხედავად ცხოვრებისგან დატოვებული ძალიან ბევრი ნაიარევისა, ტკივილისა რომელიც არასდროს მოგვშორდება და რომელიც წინ გველის, ჩვენ ერთი დიდი, მთლიანი ჭრელი და სავსე, გამარჯვებული ოჯახი ვართ. არ მახსოვს როდესმე თუ ვყოფილრთ უკლებლივ ერთად, მაგრამ ის რაც გვაერთიანებს და რის გამოც ყოველთვის დაუმარცხებლები ვართ სიყვარულია. გამოუხატავი და ათასჯერ ახსნილი, განსაკუთრებული და ცოტათი ფერმკრთალიც, გაუაზრებელი უფრო, ვიდრე ფერმკრთალი... მოკლედ სიყვარული. დედაშვილური, მამაშვილური და და-ძმური, ბიძაშვილური (არანაკლები და-ძმურზე) და გარებიძაშვილური (არანაკლები ბიძაშვილურზე), დეიდური და მამიდური (ლამის დედური), კიდევ ბიძური სიყვარულიც, რომელიც არცისე კეთილხმოვანია და ამ სიტყვაში არ ჩანს როგორი გიჟური და განსაკუთრებული სიყვარული იციან ბიძებმა და ვიცით ბიძების, და ყველაზე ყველაზე განსაკუთრებული ბებიური და ბაბუური სიყვარულია_ ტკბილი, ნაზი, ყოველთვის ღიმილიანი :)...

აი, ასე, მშრალად და მოკლედ, რას ვფიქრობ ჩემ ოჯახზე.






Comments

Popular Posts