რა არის ,,მთილი''?

,,მთილი'' არის ის, რაც ჩვენს რეალობაში უარყოფით შინაარსს სძენს ყველაზე პოზიტიურ სიტყვას_ დედა.

მიხვდი ალბათ, კვლავ რძალ-დედამთილის ფენომენს დავუბრუნდი. ოღონდ ამჯერად მიმართვის ფორმაზე არ ვაკეთებთ აქცენტს.

დედამთილი ის ხელჩანთაა, საჩუქრად რომ მოჰყვა აქციისას ნაყიდ ფეხსაცმელს. იშვიათად ჩანთის გამოც ყიდულობენ ფეხსაცმელს, ალბათ. თუმცა ჩვენ განვიხილავთ შემთხვევას როცა ფეხსაცმელი ჩვენთვის სასურველია (იმის გამო რომ ლამაზია, პრაქტიკულია, გამძლეა ან მოდურია_ყველას მოსწონს.) ხოლო ხელჩანთა მოჰყვება და კონსულტანტს ბევრიც რომ ეხვეწო სხვა გზა არ აქვს, თუ არ მოგწონს აჩუქებ ვინმესო გეტყვის და შეიძლება  ცალ-ცალკეც კი არ ჩაგიწყოს.

არადა დედამთილის გაჩუქება სულაც არაა ისეთი ადვილი... თან თუ ხელჩანთაც გჭირდება და არც ცალკე ყუთი გაქვს შენი მშვენიერი ფეხსაცმლისთვის მოგიწევს ორივეთი ხელდამშვენებული გაუყვე გზას.

შესაძლოა ხელჩანთა სულაც არაა ცუდი მაგრამ მეორე თაროზე რომ ყავისფერი, ტყავის ოთხკუთხედი ჩანთა იყო ის ბევრად გერჩია. რა აზრი აქვს ახლა წუწუნს. ის ძვირიც ღირდა და აქციაშიც არ იყო, თანაც სქელი ნატურალური ტყავი ისედაც ძალიან მძიმეა და ვერაფრით მოიხმარდი ისე პრაქტიკულად და უდარდელად როგორც ამას (არ დავწერ ახლა საუკუნე ძლებს თანაც ტყავითქო, იმედით, რომ დღეებს არცერთი რძალი არ უთვლის დედამთილს.).

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ ძვირფას ფეხსაცმელს იშვიათად, თითქმის არასდროს მოჰყვება ასეთივე ძვირფასი ხელჩანთა და პირიქით.

მაინც რითაა ასეთი ცუდი ეს ხელჩანთა, კარგად რომ დაფიქრდე შენი უსაყვარლესი ზურგჩანთაც არაა ბრენდული და მითუმეტეს უნაკლო. არც რამე აქვს ისეთი ასე უზომოდ რომ გიყვარდეს. გარდა იმისა რომ შენია. ბავშვობიდან შენია და კომფორტულია. ის რომ ხელჩანთად ატარო შესაძლოა ერთი დღეც ვერ აიტანო. შენი ზურგჩანთის უპირატესობა ისაა რომ ყველაფერი იცი მის შესახებ. შიგნით რომ პატარა ჯიბე აქვს, ელვაშესაკრავით, ყველაფერს რომ შიგნით ინახავდი. როგორც არ უნდა გაცვთეს ის ჯიბე ყოველთვის მთელი და საიდუმლოდ შეკრულია.

ისე, შიდა ჯიბე ელვაშესაკრავით ხელჩანთებსაც აქვს. შეიძლება იმდენი არა და არც ისეთი ტევადი, როგორც ზურგჩანთებს, მაგრამ ხომ აქვს?! და ზოგიერთი ხელჩანთა ზურგჩანთადაც შეგიძლია ატარო...

დასასრულს,თუ შენ ქარაგმები და ალეგორიები დიდად არ გხიბლავს: დედამთილი ზოგჯერ განუყრელი ნაწილია შენი ქმრის და ერთ სახლში გიხდებათ ცხოვრება. სხვისი დედამთილი შენს დედამთილზე თუ ბევრად უკეთესია ე.ი. იმ გოგოს ქმარი არ უვარგა (ეს არაა სამეცნიერო დასკვნა მაგრამ გულს ამის ფიქრი უფრო სიამოვნებს:)) კიდევ ის რომ ყველა დედამთილი დედაა და შენი დედისგან დიდი ალბათობით არცისე განსხვავდება. ზოგადად ხო ყველა კარგები ვართ, უარყოფითი თვისებებით.

ასე რომ, თუ საკმარისი მონდომება გექნება იქნებ უპოვო ის ჯიბეც ხელჩანთას. თუ მაინც არაფერი გამოდის დროა ცალკე ყუთი მოუძებნო ფეხსაცმელებს.

Comments

  1. შე გადარეულოო :-D შენ ყველაზე მაგარი აქცია შეგხვდაა ☺

    ReplyDelete
  2. ჰოო:) მე გამიმართლა ფეხსაცმელიც მომერგო და ხელჩანთაც მომწონს:)♡

    ReplyDelete
  3. მე უბედნიერესი ვარ. ძალიან გამიმართლა და 31 წელია ვატარებ 😂💖💖💖

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts