მტვერი ყველაფერს ვერ ფარავს:)
მე რომ რაღაცნაირი შურიანი ვარ უკვე იცი. ახლა გეტყვი რომ ქურდიც ვარ. რაღაცნაირი ქურდი. ისეთი, რომ ვიპარავ მაგრამ ჩუმად არა და ფასეულს არა. თუ შენს სხვენზეც ან სარდაფში, ან მიტოვებულ სახლში ვიპოვი ნივთს, რომელსაც არანაირი მატერიალური ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ მაინც შენი დიდი ბებიის დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენდა, მოგპარავ.
დღეს პატარა სუვენირზე მოგიყვები, მიტოვებულ სახლში რომ ვიპოვე. ეს სახლი მარტოხელა დედას ეკუთვნოდა, რომელსაც 10 წლის ასაკში ერთადერთი ვაჟიც მოუკვდა. ამას იმიტომ არ გიყვები რომ განწყობა დაგიმძიმო. უბრალოდ მინდა კარგად მიხვდე რას გრძნობდა ახალგაზრდა შვილმკვდარი, მარტოხელა ქალი რომელსაც პატარა ხის სახლში 30 სანტიმეტრიანი დედა-შვილის ქანდაკება უდგას.
ქანდაკება მართლმადიდებლური აშკარად არაა, თუმცა ზედ თაფლის სანთლის კვალი ახლაც (60 წლის შემდეგ) კარგად ემჩნევა და არაერთგან. როგორც ჩანს ქალი ხშირად ანთებდა სანთელს და... ნეტავ რას სთხოვდა დედა-შვილობის ხატს? რამდენი ცრემლი, რამდენი მწარე ჩაღიმება, ტკბილი მოგონებით გამოწვეული, უნახავს ამ პატარა ნივთს მის სახეზე...
მე სულ მგონია, ნივთები არ გრძნობენ, მაგრამ ინახავენ ყველა ემოციას. უცვლელად. ჰოდა, შემენანა ეს პაწაწინა მესაიდუმლე ასე მიმეტოვებინა მტვერში. ბევრი დამცინებდა, მაგრამ შენ არა, რადგან დღეიდან ეს ქალი ჩვილით ხელში, ჩემ სახლში მეყოლება და ვეცდები გავიგო ყველაფერი, რასაც ამდენი ათეული წელია ინახავს. ის ისეთი თბილი და მზრუნველი ჩანს.
რატომ გიყვები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მე მაბედნიერებს შეხება ძველ ნივთებთან. ყველას სიამოვნებს ალბათ საუკუნოვან როიალზე დაკვრა. მაგრამ მე 1954 წელს გამოშვებული სახის პუდრას ნახვამ, შროშანის არომატით, უცნაურ, პოზიტიურ და ნოსტალგიურ განწყობაზე დამაყენა (ისიც მოვიპარე). მარტო მე არ ვარ ასეთი. იქნებ შენც ასევე აფასებ ყველაფერს, რამაც დროს გაუძლო. ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ, ვფიქრობ, არ ღირს მტვერს და ვირთხებს მივუგდოთ ის რაც თუნდაც ერთ ადამიანს უყვარდა, რისი იმედიც ჰქონდათ და რასაც ასე გულმოდგინედ ინახავდნენ წლების წინ და წლების მანძილზე.
სულ სულ ბოლოს მარტო შენ უნდა გითხრა რომ ზუსტად ვიცი ვერც კი ხვდები რომ შენ მოგმართავ, და არცკი მრცხვენია ჩემი ქურდობის გამო. იმიტომ რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს ვერ მიხვდები რომ გაგქურდე. იმიტომ რომ ვერასდროს შეამჩნევ რომ სახლს, რომლის დანგრევასაც რამდენიმე თვეში აპირებ დააკლდა ნივთი, რომელიც ასე უყვარდა შენს ბებოს. როცა მესტუმრები, იქნებ აღნიშნო კიდეც, რა ლამაზი ,,სტატუეტკააო'', ასეთ შემთხვევაში მზად ვარ დაგიბრუნო.

მმ ☺ დამაფიქრა (Y)
ReplyDelete