ჩემი ფანჯრიდან კაკლის ხე მოჩანს

ჩემ სიამაყეზე უნდა მოგიყვე  იმაზე რისიც არასდროს შემრცხვენია, და რაც ყოველთვის მიყვარდა. ჩემ სახლზე. ზოგისთვის ქოხზე და ქოხმახზეც.

მე მფრინავ თეფშს ვეძახი. იმიტომ რომ დაბალია და საკმაოდ ბევრ ოთახს იტევს. გარშემო დიდი ფანჯრები აქვს და ყველა ფანჯრიდან სინათლე ჩანს. ამიტომაა მფრინავი თეფში. ხისაა, რა თქმა უნდა.

შიგნით თუ შემოხვალ დაბალი ჭერი, ბევრი ხალიჩა და ფარდა დაგხვდება. ყველაფერზე სხვადასხვანაირად მოქარგული გადასაფარებლები აქვს დედას. ცოტა კარია. უფრო სწორად მხოლოდ 2 კარია შიგნით. სხვა ოთახებს მხოლოდ სქელი ფარდები აქვს.

უამრავი წიგნია და პატარა ნივთები. ყველაფერს ნახავ ჩემ სახლში.  ორსანტიმეტრიან ,,ვეფხისტყაოსანს'', ექსკლუზიურ გამოცემას ჯერ კიდევ გამოუცემელი წიგნის ,,ზნენი სამამაცონი'' და თორის ბიბლიასაც.

კიდევ მარმარილოს პატარა ეკლესია გვაქვს. ბაზილიკაა. ჩემმა ძმამ ,,ააშენა''.

ყველაზე მეტად რა მიყვარს იცი ჩემ სახლში? კედლები და მინდორი. მინდორი იმიტომ რომ ყოველთვის ხასხასა მწვანეა, ვრცელია და სწორი. ყოველთვის. აი კედლებს რომ აღგიწერ შეიძლება შეგშურდეს კიდეც. როცა პატარა იყავი ალბათ ოცნებობდი კედელზე რამე დაგეხატა. ალბათ მალავდი კიდეც ლურჯად მიწერილ შენს სახელს. ჩემ სახლში კიდევ გადმოგვიწყობდა დედა ფუნჯებს და საღებავებს (ახლაც ასეა) და გვეტყოდა, აბა რომელი კედელი მოვხატოთო.

როცა პატარა ვიყავი მახსოვს უზარმაზარი ნადირობის ქალღმერთი ეხატა დედას კედელზე. ცალი ხელი ვეფხვის ქონდა. უზარმაზარი წაბლისფერი ხვეული თმა, თმაში ყვავილები და დალი და ტყე თითქოს ერთი მთლიანობა იყო. სულ მეშინოდა ხოლმე ამ ქალღმერთის. სანამ არ შევამჩნიე როგორ ყავდა თავის უბეს შეფარებული პატარა ცხოველები. დედას დალი ცხოველების მფარველს უფრო გავდა. მერე დალი სცენამ შეცვალა ,,შვლის ნუკრის ნაამბობიდან''. ისეთი ლამაზთვალება იყო ჩვენი ნუკრი... ახლა ეს კედელი თეთრია და ზედ ჩვენი უზარმაზარი ოჯახის თითოეული წევრის ხელების ფერად-ფერადი კვალია.

ჰოლში მარცხენა კედელზე გიგანტური პეპელა და ბაბუაწვერაა. ულამაზესი, ჩემი აზრით. ეს ოღონდ უკვე მე და ჩემმა დამ მივახატეთ. ძირითად ოთახში აყვავებული ატმის ხეა. ატამი და მისი ყვავილობა დედას სტიქიაა:).

სხვა კედლებზე ჩემი და ჩემი დის, ჩვენი ძმისშვილების და დისშვილის ნახატები, ნაქარგები და გობელენებია. თაროებზე ჩემი ძმის მოგებული თასები. ჩემ ძმიშვილს განსაკუთრებით ეამაყება მათი არსებობა.

შესვლისას მე ფეხს თითქმის არასდროს ვიწმენდ. ეზოშივე ვამთავრებ ამ საქმეს. იმიტომ რომ ფეხსაწმენდი პატარა ქეჩაა, დიდი ორქიდეით. გობელენის ტექნიკით მოქსოვა დედამ. ძაფი მიაკლდა, სულ ერთი ციდა კუთხეა სხვა ფერით მოქსოვილი და ამიტომ ვერ მიიღო ღირსეული ადგილი.

კიდევ ბევრი რამაა რაც მიყვარს და მინდა იცოდე მაგრამ თავი რომ არ მოგაბეზრო მგონი ჯობია გითხრა, რატომ გადავწყვიტე ჩემი სტუმარი გამხდარიყავი.

ჩვენს ოჯახს დიდი და რთული ისტორია აქვს. ჩვენ სახლი ორჯერ აგვიშენა მამამ. პირველი აფეთქდა. ჩვენი ნათესავის დაუდევრიბის გამო. თუმცა ყველა გადარჩა. ისიც კი, ვისი გადარჩენაც წარმოუდგენელი იყო. მას ახლა ულამაზესი ცოლი და ორი ყველაზე საყვარელი ბიჭი ყავს. ჩემი უმცროსი ძმაა. ჯერ კიდევ დაუბადებელი იყო როცა აფეთქების ცენტრში აღმოჩნდა დედა. ჩემი უფროსი ძმა და დედა ყველაზე მეტად დაშავდნენ. ახლა თემოსაც ულამაზესი ცოლი და ორი ქალიშვილი ყავს. დედაც გადარჩა და 6 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს. ერთი კიდევ ცაში. ჩვენ ჩვენი ანგელოზიც გვყავს. საკუთარი ანგელოზი.

მე ისე ვამაყობ ჩემი ოჯახით და ისე მიყვარს ყველაფერი რაც მას უკავშირდება... ვერც ვიფიქრებდი თუ იარსებებდა ადამიანი, რომელიც შეხედავდა ჩემ ეზოს და სახლს, გადახედავდა მამაჩემს და იტყოდა ,,ადრე მოსაკლავი თურმე გვიან კვდებაო''. ეს გამოთქმა პირველად გავიგონე და, რა თქმა უნდა, განმარტება არ მოუყოლებია ავტორს. გონებამ ბევრი ვერაფერი  გაიგო. მაგრამ ჩემმა გულმა და შემდეგ ბალიშმა ზუსტად იგრძნო ამ სიტყვების სიბნელე და სისაძაგლე.

შენთვის რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით? არც არაფრის, თუ იმის მერე რაც ჩემი სახლი ნახე, რაც ჩვენი ამბის ერთიციდა ნაწილი მოისმინე, თანაც ყველაზე რბილად ნაამბობი და იმის გათვალისწინებით რომ მამაჩემის უთბილესი თვალები და რაღაცნაირი სევდიანი ჩაღიმება არ გინახავს იტყვი რომ ის ,,ადრე სასიკვდილოა''. ე.ი. არაფერი მაქვს სათქმელი შენთვის. მხოლოდ იმას გეტყვი რომ შენს, ჩემს, მთელი სამყაროს სუნთქვას და სიცოცხლის ყოველ წამს სიამოვნებით ვაჩუქებდი მამაჩემს. რომ არ ვიცოდე თუნდაც შენი სულ მცირე ტკივილი როგორ ატკენდა გულს.

ხო კიდევ. როცა სოფელში ჩამოვედით საცხოვრებლად ერთ დილით წვიმამ გამაღვიძა. ჩვენი სახლის გაძარცვული სახურავიდან პირდაპირ ჩემ სახეზე წვეთავდა წვიმა. არცკი მწყენია. შეკეთებაც კი არ მინდოდა სახურავის. მთელი ცხოვრება სახლი მენატრებოდა. ყოველთვის სახლს ვხატავდი. ყველა, მხოლოდ მე არა. არც ერთხელ ჩვენი სახლისთვის ნახატშიც კი არ დაგვიდგამს მეორე სართული, არ აგვიმაღლებია ჭერი. ის იდეალურია. ყველაზე თბილია და ყველაზე მეტ სიხარულს იტევს. როცა ჩემმა ძმამ სახლის აშენება ახსენა ვკითხე ჩვენ სახლს რა ვუყოთთქო. გამიბრაზდა. რა უნდა ვუყოთ,ახალი წინ იდგმება, ეს კიდევ სადაც დგასო.

 მიყვარს ჩემი სახლი. ძველი. ხის. დაბალი. შიფერით დახურული. ავეჯით გადაჭედილი. ყველა თაროზე ვიღაცის კოლექციაა. ჩემი მინიატურული თოჯინების, ჩემი დის სანთლების, დედაჩემის წიგნების, შუშის ბურთების, თამოს ძალიან ძვირფასი და უკვე გაძარცვული მონეტების კოლექცია (მონეტების ჩასაწყობი ალბომი და ყველა ვერცხლის მონეტა მოიპარეს) ...

და კიდევ. ერთ კედელზე ხეში ამოკვეთილი ბაბუას პორტრეტია. მამამ ამოკვეთა. ადრე ძალიან გავდა ბაბუას. ახლა მამას ემსგავსება.

Comments

  1. საუკეთესოს საუკეთესო ნაშრომი <3

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts