ჩხუბი

არც კამათი, არც უთანხმოება... ახლა ხელჩართულ ჩხუბზე ვაპირებ წერას. იმაზე, რაზეც იშვიათად საუბრობენ და რაც სულაც არ არის იშვიათობა.

თუ შენი ქმარი შუა ქუჩაში თმებში ხელს წაგავლებს და ასე გამოგერეკება სახლისკენ ეს არც ნორმალურია, არც ჩვეულებრივი და არც ასატანი. რა თქმა უნდა, ერთადერთი არ ხარ ვისაც ასეთი დამცირება ხვდა წილად, მაგრამ არც შენ და არც არავინ სხვა ამას არ იმსახურებს. არც შენი ქმარი იმსახურებს ამ მარაზმს (პირველად ვიყენებ ამ სიტყვას). ასე რომ თავისუფლად შეგიძლია გამბედაობა მოიკრიბო და დამსახურებული თავისუფლება მიიღო. აქვე დავამატებ, შესაძლოა უბრალოდ შენი სიარულის მანერას იგდებდეს აბუჩად, ან მრიცხველში თიშავდეს დენს როცა შენ საყვარელ გადაცემას უყურებ. სულერთია რა ხერხეით ცდილობს თავი დამცირებულად და სასოწარკვეთილად გაგრძნობინოს.

თუმცა უფრო ხშირად ჩვენ რომ თავს საბრალო ჩაგრულებად, ძალადობის მსხვერპლად წარმოვიდგენთ მხოლოდ ვთვალთმაქცობთ. ფაქტია, რომ ცოლები მეტად ვავიწროვებთ ქმრებს ჩვენი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნებით. მეეჭვება არსებობდეს ბიჭი, რომელიც მთელი წელი ,,ტვინს ბურღავდეს'' მხოლოდ იმიტომ რომ ზედიზედ მესამე წვეულებაა ის შავი პრიალა ფეხსაცმელი აცვია.

უახალფეხსაცმლობაზე მეტად ნასვამი მეუღლე გვკლავს. გულის სიღრმეში რომ ნატრობ, ნეტავ სარკეს ჩაამტვრევდეს, საფულეს დაწვავდეს ან თავს გადაიპარსავდეს რომ მიხვდეს რა საშინელი სიმთვრალე აქვს და აღარ დალიოს (სინამდვილეში მხოლოდ ლაპარაკობს, ლაპარაკობს, ლაპარაკობს და სძნავს).

რეალურად არაფერს აშავებს. ამიტომ უნდა დავაშავებინოთ. ნერვები უნდა მოვუშალოთ. აღვაშფოთოდ, როგორც ჩვენ ვართ აღშფოთებულები მისი აუტანელი ქმედებით_ ტუჩებს ამწლაკუნებს საუბრისას.

თუ საკმარისად მონდომებული ხარ ბევრი მცდელობის შემდეგ ნანატრ ალიყურსაც მიიღებ...

და იწყება გაურკვევლობის პერიოდი. თუ დაქალს ჰკითხავ რჩევას_ ,,არაკაცი, დღესვე წამოდი მისი სახლიდან''. სწორი რჩევაა. თუ ერთხელ ასწია ხელი შენზე მეორედაც მოხდება იგივე და დამცირებული. შეურაცხყოფილი უბედურად მიიჩნევ თავს. თანაც ის აუტანელი სინდისის ქენჯნა, რომლისთვისაც შენს მეუღლეს იმეტებდი, არსად ჩანს. ყოველშემთხვევაში მის შესამჩნევად არ გცალია. ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიბრალო.

ბრაზი ვაშლივით გეჩხირება ყელში და განქორწინებაზე ფიქრობ. შენი გათხოვილი დაქალები (ზემოთხსენებული რჩევა გასათხოვარ დაქალს ეკუთვნის) გაოცებულები გისმენენ, თითქოს ვერც წარმოედგინათ ასეთი რამ (რომ ქმარმა სილა გაგაწნა, ან იქნებ ის აოცებთ რომ ამის მოყოლის არ გრცხვენია). კარგად თუ დააკვირდები უცნაურ, წამიერ კმაყოფილებასაც შეამჩნევ_ ესეც ჩვენი ,,კურდღლების და ბაყაყების ფენომენი''.

კამათი ყველა ოჯახში ხდება (ამ ფრაზის ბანალურობა მის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს). გაინტერესებს რა უნდა ქნა თუ შენივე ნებით ასეთ ჩიხში შეიყვან შენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას?

მნიშვნელობა არ აქვს შენ რომ მოუშალე ნერვები, არც ის ამართლებს რომ უგონოდ მთვრალია, კაცმა საკუთარ ცოლზე (სხვისას ვინ დაეძებს) ხელი არ უნდა ასწიოს. ეს უპატიებელი შეცდომაა და ურეაქციოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაატარო.

თუმცა ეს არც ოჯახური სიწმინდის დამხობაა და არც გადაულახავი ბარიერი. რა შეიძლება მოიმოქმედო? მუშტი მაგრად შეკარი და მთელი ძალით (თუ საშუალო ფიზიკური შესაძლებლობის ხარ) მოსდე შენს საყვარელ მეუღლეს. ესეც ჩემი წმინდა ფემინისტური რჩევა. ერთი შეხედვით უხეში ქმედებაა და ჩვენნაირ ნაზ არსებებს არ შეეფერება, მაგრამ დამიჯერე, მუშაობს. ასე დამცირებული და ჩაგრული აღარ ხარ, შესაბამისად შენი მეუღლის ცოდვაც გადაწონილია. ისღა დაგრჩენია დაელოდო, როდის დაიძინებს რომ ჩუმად აკოცო შესიეულ ყბაზე.

კრიმინალისტები ამბობენ, რომ დანაშაულთა უმეტესობას განაპირობებს მსხვერპლის სისუსტე. ანუ ჩვენი სისუსტის ჩვენებით შესაძლოა სიბრალულის ნაცვლად მეტი შეურაცხყოფა მივიღოთ. ამიტომ მოიკრიბე ძალა და გამბედაობა და დაე იმართლოს შენმა ქმარმა თავი. როგორც ჩანს ცუდად მეძინა და ამიტომ მიჭირს ლაპარაკიო.


Comments

Popular Posts