ქორწილი

უფრო ზუსტად გათხოვება 20 წლის ასაკში. მეეჭვება მხოლოდ დადებითი ემოციაბი გიჩნდებოდეს ამ აზრის მოსმენისას. მე საკუთარი გამოცდილებით ცოტათი კიდევ დაგიმუქებ გრძნობებს. ან ამუშავდება ფენომენი, რომლის გამოც ეს ბლოგი იქმნება და ოდნავ ბოროტულად, სუულ ოდნავ ბოროტულად ჩაგეღიმება იმ სიამოვნების გამო, რომელსაც განიცდი ჩემი ,,აღსარების'' კითხვისას.

როცა ქორწილზე ფიქრობ (ქორწილამდე) საკუთარ თავს ულამაზეს კაბაში წარმოიდგენ, ლაღი ღიმილი და ცოცხალი ყვავილების თაიგული რომ გამშვენებს. თუ ჩემსავით ეგოისტი არ ხარ შეიძლება სმოკინგში გამოწყობილი მეუღლის წარმოსადგენადაც მოიცალო. ყველა შენ გიყურებს, გიღიმის, უამრავ კომპლიმენტს გიძღვნის, მოკლედ ნამდვილი დედოფალი ხარ. უნაკლო ვარცხნილობით, მაკიაჟით და მანიკურით. თუ ჯერ არ იცი შენი საქმროს მატერიალური მდგომარეობა შესაძლოა ეტლზეც კი იფიქრო ან ლიმუზინზე მაინც.

სინამდვილეში ყველაზე წვრილი და უფერული პრობლემები გიწვრილებს გულს, როგორ ჩაეტიო 20 კაცში, როცა 5 და-ძმა, მათი ცოლები და შვილები უკვე 19-ია და შენ 2 დაქალი და 6 ძმაკაცი გყავს კიდევ... და დეიდები, მამიდები, ნათლიები, ნათლულები... აი უკვე მიწვს წნევა და უკვე გადამინდა ქორწილი.

დაქორწილებამდე ქორწილზე აქტუალური ქვეცნობიერისთვის განქორწინება ხდება.

და ის საოცარი გამოშტერება კაბის შერჩევისას. რატომ უნდა დაგავიწყდეს რომ შენს კაბას აუცილებლად სახელო უნდა ჰქონდეს და რომ შლეიფი კაბაზე მოკლე თუა აუცილებლად უნდა შეაცვლევინო. უუფ როგორ ვბრაზობ ჩემს თავზე. საბედნიეროდ დაიკოები უნდა გყავდეს რომ ოდნავ მაინც გამოგაფხიზლონ და იყოს მახინჯი ფატა და უსახელო კორსეტი, შლეიფი ხომ მაინცაა გრძელი.

და საკუთარი ხელით გაკეთეული მაკიაჟით და მაკიაჟზე დაზოგილი თანხით გაკეთებული გასაოცარი (როგორც სილამაზით ისე ღირებულებით) მანიკურით სალონიდან გამოსულს გესმის ყველაზე სასიამოვნო ადამიანისგან _უცნობისგან (ობიექტურობის მაღალი ხარისხის გამო მეტ ყურადღებას აქცევ უცხოების აზრს) - ,,რა ლამაზი და განსხვავებული პატარძალია'', შენც ყურებამდე გაღიმებული მადლობას უხდი და უცებ მისი გაკვირვებული სახე... ლოგიკურია, შენ მანქანაში ზიხარ და არცკი შეუმჩნევიხარ, ქათინაური შენს დას ეკუთვნოდა, რომელსაც შენი თხოვნით თეთრი კაბა აცვია, ყავისფერი ტყავის დეტალებით. სულ ცოტათი მაინც გინდება შენ თუ ვერ გახდები მასსავით ეფექტური კაბა მაინც გაულურჯდეს. დაიკო მაინც ყველაზე საყვარელია.

ჩემი ქორწილის ამბები შორს წაგვიყვანს, ამიტომ დაპირებულ რჩევებს მოგცემ:

  1. არავითარ შემთხვევაში არ იქირაო კაბა რომელიც თუნდაც ერთი დეტალით განსხვავდება შენი ოცნებისგან;
  2. აუცილებლად გაარკვიე შენი ფოტოგრაფის პიროვნული თვისებები. ყოველშემთხვევაში დააზუსტე ამ ქვეყნად ყველაზე უხასიათო, ჯიუტი და შეუვალი მოხუცი ხომ არაა, მთელი ცხოვრება კომკავშირულ ფოტოებს რომ იღებდა. 
  3. თუ შენ და შენი მეუღლე მშვენივრად ცეკვავთ ტანგოს, აუცილებელი არაა დაისის ცეკვა... (მე ამ დროს კაბაში ფეხი გამეჭედა, ტანგოს შემთხვევაში წაქცევისგან იქნებ სასიძომ გადაგარჩინოს)
  4. თუ დარწმუნებული არ ხარ რომ შენი მომავალი მეუღლე მყარი ნერვებით გამოირჩევა, წინასწარ სასტიკად შეეხვეწე (სწორედაც შეეხვეწე, სასტიკად) რომ შეზარხოშებულმა სტუმრებმა თუნდაც ერთმანეთი დახოცონ რესტორნიდან უშენოდ ნუ გავა.
  5. ქორწილი პატარძლის საკუთრებაა ამიტომ მხოლოდ შენ მეუღლეს გაუნაწილე ის სიხარული და ბედნიერება რასაც პატარძლობა მოგანიჭებს და თუ ვინმე არ გეტყვის რომ ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ თავის ქორწილში... ან არ ქონია ქორწილი და ჯერ კიდევ ზემოთთქმული ოცნების უნაკლოდ ასრულების სჯერა, თანაც 43 წლისაა.
ისე, რად გინდა ეს უაზრო ტრადიციული ქორწილი, მოკრიბე 50-ამდე ახლო მეგობარი და ოჯახის წევრი, კაბისთვისაც და ეტლისთვისაც დაგრჩება თანხა და ათას სისულელეს გადაარჩენ თავს.

ასე აუცილებლად აიცილებ თავიდან წვრილმანი უსიამოვნებების გამო იმედგაცრუებას და ასაკის მიუხედავად ღირსეული მეუღლე იქნები.

Comments

Popular Posts