ღამე ქორწილის შემდეგ...

ვაგრძელებ ქორწინების, უფრო ზუსტად, ქორწილის თემას. ეს ის გამოცდილებაა რომელიც ჯობია მოსმენით მიიღო. დიდი ალბათობით, ემპირიულად ამ გამოცდილების მიღების შანსი ხომ მხოლოდ ერთხელ გვეძლევა.

ვფიქრობ ისეთივე იმედგაცრუება გელის ამ პოსტის კითხვისას, როგორიც მე და ჩემს საყვარელ მეუღლეს გვერგო...

შეგნებულად არ დავარქვი პირველი ღამე, ახლავე აგიხსნი რატომ: შენ ალბათ პირველი ღამე საძინებელში სანთლების და ვარდის ფურცლების გარემოცვაში უსასრულო ალერსად წარმოგიდგენია. მნიშვნელობა არ აქვს ბიჭი ხარ თუ გოგო ან რამდენი ხანია შენს საყვარელ ადამიანს უზიარებ სარეცელს, პირველ ღამეს თავისი იდუმალი რომანტიზმი ახლავს და უმეტესობას დიდი მოლოდინები გვაქვს.

თავი რომ არ დაიდანაშაულო ან შენს ქმარს რომ არ უსაყვედურო (ოთახის მორთვა მაინც ქმრის მისიაა :)) მოგიყვები როგორ შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს შენი ჩვეულებრივი ქორწილის შემდგომი ღამე.

სიძე სავარაუდოდ სხვებზე ნაკლებადაა ნასვამი, ამიტომ უცებ მიაჩეჩებენ მძღოლობას. მითუმეტეს თუ ყველა მისი მეგობარი ბოლომდე გამოთვრა. ისიც მზრუნველად და სულ სულ ოდნავი ბრაზით დაარიგებს სტუმრებს სახლში. მერე შუაღამეს რომ კარგა ხნით გადაცდება შენი წაყვანის ჯერიც მოვა. რესტორნიდან თუ ხელში აყვანილს გამოგიყვანს ეს რომანტიკულზე მეტად ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ საათობით ქუსლიანებზე ცეკვას თავისი შედეგები მოყვება.

ხოდა, ამ ქუსლიანი ფეხსაცმლის დამსახურებით შესაძლოა შენი ახლადშეძენილი მეუღლის საზრუნავი მთელი ღამის განმავლობაში შენი ფეხები იყოს. გეთანხმები, აშკარად იგრძნობა სითბო და სიყვარული შენი მეუღლის დიდსულოვან ქმედებაში _მთელი ღამე სველი პირსახოცით დაგიამოს ტკივილი ტერფებზე. თუმცა ორ საათში როცა კიდევ ერთხელ უნდა სთხოვო პირსახოცი დაასველოს შეამჩნევ რომ ბალიშზე პირქვედამხობილს მკვდარივით ძინავს. გაბრაზებაც არ ღირს, თუმცა ჩახუტებული ბალიში გამოაცალო უნდა და შენ შეცვალო ბალიშის ადგილი :) (რეალურად ბალიშს უჭირავს შენი ადგილი და იმიტომ). ასე რომ, თუ შენმა მეუღლემ ქორწილის შემდეგ 2 თბილი სიტყვის თქმა მაინც მოახერხა ე.ი. იღბლიანი ხარ და საწუწუნო არაფერია.

დასასრულს, ქორწილის შემდგომი ღამისეული გამოცდილებით დიდად ვერ დაგეხმარები. თუმცა პირველი ღამისთვის ერთ და ფრიად მნიშვნელოვან რჩევას მოგცემ, თუ ოთახში შეხვალ და ანთებული სანთლები დაგხვდება აუცილებლად დაარეგულირე მანძილი სანთლებსა და ზეწარს შორის... 

Comments

Popular Posts